გაკვეთილი ბარათაშვილის მუზეუმში

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ “დავითიანი” საგანმანათლებლო პროცესში, სხვადასხვა აქტივობითაა ჩართული, რაც ემსახურება მოსწავლეთა ცოდნის, უნარების, ინტელექტის განვითარებას.

ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, ესტუმრნენ ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს, რომელიც თბილისის უძველეს უბანში მდებარეობს. ანჩისხატის უძველესი ეკლესიისა და აივნიან-ბანიანი სახლების ხილვით მოხიბლულებმა, მეტი ინტერესით შეაბიჯეს, გენიოსი ადამიანის სამყოფელში, სადაც კიდევ მეტად მოინუსხენ.

ბარათაშვილის ეპოქისთვის დამახასიათებელი ინტერიერი, მყუდრო, თბილი და წყნარი გარემო, სალონური წყობა… უცხო და საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი არ გახლავთ. ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია-ინტეგრირებული დისკუსია, რომელშიც მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას, პროდუქტიული აღმოჩნდა.

მეორე სივრცემ გააცოცხლა პოეტი ჩვენთვის. ვირტუალური ბარათაშვილი, შეუდარებლად კითხულობდა ჩვენ თვალწინ შედევრებს. ტატოს “მერანი” შურდულივით მიმოქროდა ჩვენ შორის. ინდივიდუალური მოსმენა ლექსებისა, მეტ ინტიმურ გარემოს ქმნიდა და პიეზიის სამყაროში გვამოგზაურებდა.

ამ რომანტიული მდგომარეობიდან გამოგვიყვანა სამაგიდო თამაშმა, რომელსაც მე-19 საუკუნეში აქტიურად იყენებდნენ. ეს იყო, საბოლოო, სასიამოვნო აკორდი ჩვენი ვიზიტისა.

ვთვლით, რომ ამგვარი აქტივობები, მომავალი თაობისთვის აუცილებელია, ვინაიდან, კარგად გაითავისონ განათლების აუცილებლობა.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-ნ. სამხარაძე

მხარდაჭერისთვის უღრმესი მადლობა, ქალბატონ ნ. დიასამიძეს.